თბილისის „იბერიას“ ისევ ლევან კორღალიძე გაწვრთნის. მან ეს ინფორმაცია atiani.ge-ს დაუდასტურა. კორღალიძე ივლისის მიწურულს გია გეგუჩაძემ შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 20 სექტემბერს დაითხოვეს. 45 წლის სპეციალისტი „იბერიას“ სათავეში მეოთხედ ჩაუდგება.
მან გასულ სეზონში თბილისელებს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა და საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 2021 წელს „იბერიამ“, რომელიც მაშინ „საბურთალოს“ სახელით გამოდიოდა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა. 2024-2025 წლებში კორღალიძის მწვრთნელობის პერიოდში „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 30 თამაში არ წააგო, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, ის „იბერიას“ ასევე 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე ავარჯიშებდა, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





