კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღემ სტარტი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აიღო, სადაც ადგილობროვმა „იბერიამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და მოგების შანსი მატჩის მიწურულს გაანიავა.
პირველი ტაიმის დასაწყისში მარჯვნიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა თორნიკე ახვლედიანმა პასი კართან ახლოს მდგომ გურამ გოშთელიანს გაუკეთა, რომელმაც თავით არაზუსტად დაარტყა და ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვა.
ამის შემდეგ, დაწინაურება „გარეჯსაც“ შეეძლო, როდესაც კამერუნელმა თავდამსხმელმა ფრანსუა ეკონგოლომ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. შესვენებამდე სტუმართა კარის აღების შანსი ისევ გოშთელიანს ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა.
58-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილის კარგი გადაცემის მერე, ალექსანდრე ამისულაშვილმა „გარეჯის“ საჯარიმოში ფინტით ერთი მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით გაიტანა – 1:0.
ამისულაშვილი 87-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ შეცვალა, რომელსაც ფეხის მოტეხვის გამო ოთხი თვე გაუცდა. იმავე წუთზე საგარეჯოელებმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩაჰკიდეს, სადაც „იბერიას“ მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს და ბურთი შეცვლაზე შესულ ლევან პაპავას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
„იბერია“, რომელიც სათამაშოდ ისევ ანზორ ცხვიტავამ გაიყვანა, 53 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „გარეჯი“ 24 ქულით მერვეა.
იბერია 1999 1:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი




