„სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი წააგო.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „სენტ-ეტიენმა“ „გენგამი“ მიიღო და უქულოდ დარჩა – 2:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. „სენტ-ეტიენს“ მარცხი პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა და 17 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ნიდერლანდები ერედივიზიონის მე-7 ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ მოქმედ ჩემპიონ პსვ-ს უმასპინძლა და 1:2 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. „ექსელსიორი“ 6 ქულით 18 გუნდში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





