„ლივერპულმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში პირველი თამაში წააგო.
მე-6 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „კრისტალ პალასს“ შეხვდა და ფრეს ხელი ბოლო წუთებში გამოჰკრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, რომელსაც „ლივერპულში“ დებიუტი მიმდინარე კვირაში ინგლისის ლიგის თასზე შინ „საუთჰემპტონთან“ (2:1) მატჩში ჰქონდა, ისევ სათადარიგოთა სკამზე განაწესეს.
შეხვედრის მე-9 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში სენეგალელმა ისმაილა სარმა გახსნა. 87-ე წუთზე მასპინძლების კარი ფედერიკო კიეზამ აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე „ლივერპულის“ კარი ნკეტიამ აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
„ლივერპული“ ზედიზედ 5 თამაშის მოგების შემდეგ, პირველი მარცხი იგემა, მაგრამ 15 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მაინც ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





