„დინამომ“ დედაქალაქური დერბი მოიგო

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელი „იბერია“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-6 წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან გიზო მამაგეიშვილმა „დინამოს“ საჯარიმოში გურამ გოშთელიანი მოძებნა, რომელმაც კარისკენ ზურგით მდგომმა ერთი შეხებით ბურთი კარგად დაამუშავა, რის შემდეგ შემოტრიალებით კარში ზუსტად დაარტყა 0:1.
23-ე წუთზე განელი ბარნს ოსეის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ხარაიშვილმა, რომელსაც გიორგი ჯგერენაია ვერ დაეწია, „იბერიას“ კარი აიღო – 1:1. მან გოლი არ აღნიშნა, რადგან კარიერა სწორედ „იბერიაში“ დაიწყო, რომელსაც მაშინ „საბურთალო“ ერვა და არაერთი კარგი სეზონი ჩაატარა.
39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მამაგეიშვილი ლორიასთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, მაგრამ „დინამოს“ მეკარემ არ გაატანინა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ლუკა სილაგაძე მარცხენა ფლანგზე მცველს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი თორნიკე ახვლედიანს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმის შუაწელში სილაგაძემ ჯარიმის შესრულების დროს „დინამოს“ საჯარიმოში ჩააწოდა და მცველების დასახმარებლად ჩასულ ვასიოლიოს ჰორდეზიანს ბურთი ისე აეჭრა, რომ კინაღამ კარში, მაგრამ ლორიამ იყოჩაღა.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „იბერიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა თორნიკე მორჩილაძემ დაარტყა და მაკარიძემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია.
მე-80 წუთზე მოედნი ცენტრიდან ხარაიშვილმა ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა ირაკლი სირაძეს, რომელმაც საჯარიმოში შესულმა მაკარიძეს გვერდი აუარა და გაიტანა – 2:1.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამომ“ „იბერიასთან“ ჩემპიონატში ზედიზედ 4 თამაშის წაგების შემდეგ, სამი ქულა აიღო.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა „დინამომ“ 41 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა. გია გეგუჩაძის დანიშვნის შემდეგ „იბერიამ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო, სულ კი მესამე სეზონში და 52 ქულით მეორეა – ლიდერ „დილას“ 4 ქულით ჩამორჩება.

დინამო თბ 2:1 იბერია 1999 

ლაშა თაბაგარი