ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ავსტრიის ჩემპიონი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ნორვეგიაში „ბოდო/გლიმტს“ ესტუმრა და 0:5 განადგურდა.
„ბოდო/გლიმტმა“, რომელიც გასულ სეზონში ევროპა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა და მანადეც ევროთასზე არაერთი სენსაცია „გამოაცხო“, როგორც იტყვიან გრაცელებს გადაურბინა.
ნორვეგიულმა გუნდმა ძალიან სანახაოებრივი, კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ითამაშა – ყველა საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინა უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა.
მასპინძლები ჰოგმა დააწინაურა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. მე-10 წუთზე ნორვეგიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ბიორტუფტმა თავით გაიტანა. 25-ე წუთზე მასპინძლების ძალიან ეფექტური კომბინაცია სალტნესმა დაასრულა.
54-ე წუთზე „ბოდო/გლიმტის“ მორიგი კარგი შეტევის შემდეგ თავი ევიენმა გამოიჩინა. 79-ე წუთზე ბოვინგმა ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს თანაგუნდელების მსგავსად მოედანზე არაფერი გამოუვიდა. „შტურმი“ „ბოდო/გლიმტს“ 26 აგვისტოს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





