2027 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

0
63

2027 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთთან ერთად ითამაშებენ უკრაინისა და დანიის ნაკრებები.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება. თითოეული (8) ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადაინაცვლებს. ეს 24 კვალიფიცირებული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს და 2027 წლის თებერვალში 12 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მუნდიალზე იასპარეზებენ.
ცნობილია დაწყვილებული ჯგუფებიც, რომელთა 3-3 საუკეთესოც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გაერთიანდება. პირველი საკვალიფიკაციოდან გასულ გუნდებს ერთმანეთთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაყვებათ და დაუპირისპირდებიან მეწყვილე ჯგუფის 3 საუკეთესოს. ანუ ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო გაერთიანდება B ჯგუფის 3 საუკეთესოთან და ამ 6 ნაკრებიდან 3 საუკეთესო მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. B ჯგუფში არიან: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და რუმინეთი.
უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, გავიხსენებთ წინა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს, რომელიც ახლანდელის ანალოგიურია და რომელიც საქართველომ 2021-2023 წლებში წარმატებით დაძლია და მუნდიალზე არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო მოხვდა ჯგუფში უკრაინასთან, ესპანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, სადაც 4 მოგებითა და 2 მარცხით მე-2 ადგილი დაიკავა. ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ესპანეთთან და მესამეადგილოსან უკრაინასთან ერთად საქართველო მეორე ეტაპზე გავიდა და მეწყვილე ჯგუფიდან მეტოქეებად იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები ერგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ 3 თამაში მოიგო (2 ნიდერლანდებთან და 1 ისლანდიასთან) და იტალია-ესპანეთთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
ცნობილია კალენდარიც:
27 ნოემბერი, 2025
საქართველო VS უკრაინა
30 ნოემბერი
ესპანეთი VS საქართველო
27 თებერვალი, 2026

დანია VS საქართველო
2 მარტი
საქართველო VS დანია
2 ივლისი
უკრაინა VS საქართველო
5 ივლისი
საქართველო VS ესპანეთი