ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილის“ სასტარტო შემადგენლობაში პორტუგალიის პრიმიერა ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. მე-2 ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „ვიტორია გიმარაეშთან“ 2:3 დამარცხდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველმა მოედანზე 70 წუთი დაჰყო.
„ფამალიკაომ“ გასვლაზე „ტონდელას“ 1:0 აჯობა. სტუმართა განაცხადში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია.
უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტურში ნიკა გაგნიძის კოვალივკას „კოლოსმა“ შინ ლვოვის „კარპატთან“ 1:1 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე საჯარიმოში შეჭრილმა პასი კლიმჩუკს მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
ლაშა თაბაგარი





