„სამგურალმა“ ორი ბრაზილიელი დაიმატა

0
13

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს ,,სამგურალმა” საფეხბურთო სეზონის განახლებამდე სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა: 23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პაბულო რაიანი, 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ველისონ ოლივეირა და 21 წლის მარჯვენაფლანგელი თემურ გოგნაძე.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნერგაძემ ახალწვეულებს სიმბოლურად სათამაშო მაისურები გადასცა და მათ წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვა.
პაბულო რაიანი ,,სამგურალს” ბრაზილიური ,,მანაუარადან” შეუერთდა. მან ოთხივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაიანი ჩვენს გუნდში 39 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი პირველი უცხოური კლუბი კი იაპონური ,,საგამიარა” იყო.
პაბულო რაიანი: „,გუნდში პირველივე დღიდან თბილად მიმიღეს, ადაპტაციაც არ გამჭირვებია, თანაგუნდელებს იოლად შევეწყვე. ,,სამგურალში” კარგი გარემოა და ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი საუკეთესო მხარე გამოვავლინო.
ვემზადებით საფეხბურთო სეზონის განახლებისთვის. საქმეს ყველა პროფესიონალურად უდგება. სამწვრთნელო შტაბიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. თითოეული ვარჯიში აჩვენებს რომ, ჩვენს კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიონალიზმი და გუნდურობაა. ყველა ვარჯიშზე ხალისიანი განწყობაა, მაგრამ ამასთან ერთად ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთი სერიოზულობას და საქმისადმი ბოლომდე ერთგულებას მოითხოვს. რატომ სამგურალი? ეს კლუბი იმის გამო ავირჩიე, რადგან აქ სერიოზული პროექტი დავინახე, მომავლის ხედვითა და ზრდის შესაძლებლობებით. მომწონს კლუბის სტრუქტურა, პროფესიონალიზმი და ის, თუ როგორ ეპყრობიან ისინი სპორტსმენებს.
ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი ნათელია: დავეხმარო გუნდს მიზნის მიღწევაში და დავტოვო ჩემი კვალი ,,სამგურალის” ისტორიაში. ამას კი გუნდთან ერთად თავდადებით, მონდომებითა და პასუხისმგებლობით მივაღწევ. მინდა, რომ ეს სეზონი დიდი მიღწევებისა წარმატებების პერიოდად“.
ოლივეირა კარიერის მანძილზე ძირითადად ბრაზილიურ კლუბებში ასპარეზობდა. ,,სამგურალში” იგი ავსტრალიური ,,ნიუკასლ ჯეტიდან” გადმოვიდა. ბრაზილიელი შემტევი ჩვენს კლუბში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ველისონ ოლივეირა: „ჩემი სრული სახელია – ველისოლ სანტოს დე ოლივეირა, დავიბადე სალვადორში, ბაიაში, კაბაულას უბანში. ვფიქრობ, მოედანზე ჩემი მთავარი თვისებები დრიბლინგი, კარგი დარტყმა და სისწრაფეა. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც უყვარს გამარჯვება ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეს. აქ სწორედ ამ განწყობით ჩამოვედი. აქ თამაშის შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ საქართველოში ფეხბურთი ვითარდება. კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც კლუბმა შემოგვთავაზა. კლუბის პერსონალი და თანაგუნდელები შესანიშნავად დამხვდნენ. ეს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მაძლევს, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.
ვიცი, რომ ,,სამგურალი” საკმაოდ დიდი ტრადიციების კლუბია, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო ვითარდება. მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის რომ, ,,სამგურალს” ბრაზილიელი მწვრთნელი ჰყავს და ისიც, ყველა ბრაზილიელი, ვინც აქ ადრე თამაშობდა, წარმატებული იყო. იმედი მაქვს, შემდეგი მე ვიქნები. ძალიან მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, რომ გოლებს გავიტან, საგოლე პასებს გავაკეთებ და კლუბს ამ სეზონში მთავარი მიზნების მიღწევაში დავეხმარები”.
თემურ გოგნაძე თბილისის ,,დინამოს” აღზრდილია და ბოლოს ,,თელავის” ღირსებას იცავდა. გოგნაძე ,,სამგურალში” 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლაშა თაბაგარი