ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, პირველ მატჩში შინ ყაზახეთის „ორდაბასის“ 4:3 დამარცხების შემდეგ, გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა გუნდმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.
მატჩის მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილი მასპინძლების ნახევარზე სამ ფეხბურთელს გაცდა და დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
ტაიმის შუაწელში ყაზახმა ფეხბურთელმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ქუთაისელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ასტანოვის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გოშაძემ ფეხით მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში თავის ნახევარზე მეტოქესთან ორთაბრძოლაში კვერკველიამ ბურთზე ითამაშა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა დააფიქსირა და ქართველ მცველს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რომელიც ავტომატურად „წითელში“ გადაიზარდა.
მე-80 წუთზე „ორდაბასის“ შეტევის დროს ქუთაისელთა კართან ახლოს მდგომმა სულთანიაზოვმა კარში არაზუსტად დაარტყა და გოლის გაშვების ძალიან რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. 90-ე წუთზე „ტორპედოს“ საჯარიმოში მყოფ ჟუმაბეკის თავურის შემდეგ, გოშაძემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
შეხვედრის ბოლო წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში ყაზახების მორიგი ჩაწოდების შემდეგ, ვარლეი შეცდა და ჟუმაბეკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. მატჩის შემდეგ ქუთაისელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება იმ ტრიბუნასთან აღნიშნეს, სადაც მათი ფანკლუბის „ჯუნგლების“ წევრები იმყოფებოდნენ.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ პირველ თამაშს კვიპროსის „ომონიასთან“ სტუმრად 24 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო მატჩი 31 ივლისს ქუთაისში შედგება.
„ორდაბასი“ (ყაზახეთი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:1 (0:1)
17 ივლისი. შიმკენტი. კაჟმუკან მუნაიტპასოვის სახელობის სტადიონი.
„ორდაბასი“: კელეადნიჩი, ასტანოვი, მალი (კ), ტურსუნბაი (ჟუმაბეკი, 46), ანტიჩი, კაპატინა, ჟაკსუბაევი, ვაკულკო (ხალმატოვი, 67), ნაუმეცი (ჯიმო, 77), იმნაძე, ევერტონი (სულტანიაზოვი, 59).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი მარტინი.
„ტორპედო“: გოშაძე, ვარლეი, კვერკველია, ნადარაია, პირესი (შერიფი, 90+3), სიმიჩი, ითრაკი, მამუჩაშვილი (კ), ბოძინაშვილი (ჟორჟინიო, 81), ღუდუშაური (მანე, 54), იონსენი (ანდრიჩი, 90+2).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი მარტინი
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (13), 1:1 ჟუმაბეკი (90+5)
გაფრთხილება: კვერკველია (45+1), კვერკველია (49), ვაკულკო (54), მალი (79)
გაძევება: კვერკველია (49.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა პოპოვი (ბულგარეთი)





