დირკ შუსტერი: „მომავალი მატჩისთვის ოპტომისტურად ვარ განწყობილი“

0
16

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ორდაბასისთან“ მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს გასამართ თამაშამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ნორვეგიელი თავდამსხმელი ბიორნ იონსენიც დაესწრო. „ტორპედომ“ პირველი თამაში ქუთაისში 4:3 მოიგო, ხოლო იონსენმა დუბლი შეასრულა.
დირკ შუსტერი: “ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და “ორდაბასს” მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს.
მომავალი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არა თუ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის. “ორდაბასის” არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენს შემდეგ “ასტანასთან” ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს.
პირველ მატჩში ხასიათი, მენტალიტეტი გამოვავლინეთ. იგივეს ვგეგმავთ მომავალ თამაშში. ცვლილებები შემადგენლობაში იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ”.
ბიორნ იონსენი: “დიდი ხანია ამ მატჩს ველით. ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ და შეხვედრისთვის მზად ვართ.
ძალიან ცხელი ამინდია. ქუთაისშიც ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გვიჭირს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელება, რომ ყაზახეთში ადრე ჩამოვედით და აკლიმატიზაცია გავიარეთ. მატჩის შედეგი? ნებისმიერ შედეგზე თანახმა ვართ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს”.
„ორდაბასი“ – „ტორპედოს“ შეხვედრა ქალაქ შიმკენტში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და „სილქ უნივერსალის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ლაშა თაბაგარი