გიორგი მამარდაშვილი: „ლივერპულში ჩემი მაქსიმუმის გასაკეთებლად ჩამოვედი“

0
10

გიორგი მამარდაშვილის თქმით, გამოწვევები უყვარს და ლივერპულში თავისი მაქსიმუმის გასაკეთებლად ჩამოვიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ამის შესახებ ინგლისურ გრანდში ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ კლუბისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გიორგი მამარდაშვილი: „ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. ეს ჩემთვის უდიდესი მომენტია, რადგან ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც „ლივერპულია“, არა მხოლოდ ტრანსფერია, არამედ ჩემი ოცნების ახდენაა. თავს მზად, მოტივირებულად და ამაყად ვგრძნობ.
გასულ ზაფხულს როდესაც „ლივერპულის“ შეთავაზებას დავთანხმდი, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც დიდი იწყებოდა. თუმცა ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს “ლივერპულის” ფეხბურთელად ყოფნა.
დიოგო ჟოტას და მისი ძმის გარდაცვალება კლუბისთვის ძალიან რთული მომენტი იყო. თუმცა, კლუბში ყველა ერთმანეთს უჭერდა მხარს და ვხედავ, რომ „ლივერპული“ დიდი ოჯახია. ჩვენ უბრალოდ გუნდი არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე ვზრუნავთ.
ჟოტასთან ერთად თამაშის შანსი არ მქონია, მაგრამ ევრო 2024-ზე მის წინააღმდეგ ვითამაშე და გამოჩნდა რამდენად საოცარი ფეხბურთელი იყო. ვნახე ისტორიები, შეტყობინებები და სიყვარული მის გარშემო მყოფი ადამიანებისგან. ვხედავ, რამდენად საოცარი ადამიანი იყო ის მოედნის გარეთაც.
გასულ სეზონში „ლივერპულის“ ყველა თამაშს სხვა განცდით ვუყურებდი, თითქოს უკვე გუნდის წევრი ვიყავი. საოცარი იყო გულშემატკივრების ნახვა და ის, თუ როგორ აღნიშნავდნენ ისინი ერთად ჩემპიონობას. ეს იყო შეხსენება იმისა, თუ რამდენს ნიშნავს „ლივერპული“ ამდენი ადამიანისთვის.
ძალიან ვამაყობ, რომ „ლივერპულის“ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს როგორც ჩემი ოჯახისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის.
არასდროს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც „ლივერპულთან“ კონტრაქტი გავაფორმე. საქართველოში საოცრება ხდებოდა. ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. ყველა ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული იყო.
ჩემი გზა დიდ ფეხბურთში საქართველოში პატარა მოედნებზე დაიწყო. სამი წლის განმავლობაში პირველ ლიგაში ვთამაშობდი და ნელ-ნელა ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. 20 წლის ასაკში ესპანეთში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და იქ სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყე ახალ ენაზე, ახალ კულტურასა და ადამიანებთან ერთად.
პირველი წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არც ესპანურად ვლაპარაკობდი და არც ინგლისურად. შემდეგ სწრაფად მივხვდი, რომ თუ თამაში მინდოდა, უნდა მესწავლა და ყოველდღე მემუშავა საკუთარ თავზე. „ვალენსიამ“ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა,  ახლა აქ ვარ პრემიერლიგის ისტორიის უდიდეს კლუბში.
ოჩოტორენა საოცარი ადამიანი და საოცარი მწვრთნელია. სინამდვილეში, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც „ლივერპულის“ შეთავაზებაზე ვისაუბრე და პირდაპირ მითხრა: „უბრალოდ კონტრაქტს მოაწერე ხელი“. მან იცის, რამდენად დიდი კლუბია „ლივერპული“, რადგან აქ უმუშავია და უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო. ყველაფრისთვის მადლობა და მალე შევხვდებით, ოჩოტორენა.
ბავშვობაში YouTube-ზე ყოველთვის ვუყურებდი მეკარეების ვიდეოებს და ასევე მახსოვს „ლივერპულის“ რამდენიმე მეკარე. მახსოვს იერჟი დუდეკი, შემდეგ პეპე რეინა და ახლა ალისონ ბეკერი. „ლივერპულს“ მეკარეების დიდი მემკვიდრეობა აქვს და მინდა, რომ ამ მეკარეების მემკვიდრეობაში საკუთარი თავი დავწერო.
რაც შემიძლია ვთქვა ალისონის შესახებ ისაა, რომ ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობის დაწყებას და მისგან სწავლას.
მიყვარს გამოწვევები და აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, რათა გუნდს დავეხმარო. არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდი, კონცენტრირებული მეკარე ვარ და კარში ძალიან სწრაფი ვარ.
ლივერპულში პირველად რომ ჩამოვედი არნე სლოტს შევხვდი. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან ვიმუშავებ.
„ლივერპულის“ გულშემატკივრების წინაშე პირველად გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საამაყო მომენტი იყო და მომცა რეალური მოტივაცია, რომ გავაგრძელო განვითარება.  ყველაფერი გავაკეთო ამ კლუბისთვის, თითოეულ ვარჯიშზე და თამაშზე.