საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში ირლანდიასთან დამარცხდნენ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა “ბორჯღალოსნები” აშკარად დაჩაგრეს და 34:5 გაიმარჯვეს. მასპინძლებიდან ერთადერთი ლელო თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანა. ირლანდიელებმა ოთხი ლელო დაგვიდეს, რასაც ოთხი გარდასახვა და ორი ზუსტი საჯარიმო მიაყოლეს.
ირლანდია ტიერ1-ის მესამე გუნდია შოტლანდიის და იტალიის შემდეგ, რომელიც საქართველოში ჩამოვა. მანამდე, ირლანდიელებთან 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა.
4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.
მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.
“ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარსდგებიან.
ძირითადი შემადგენლობა
1. გიორგი ახალაძე 2. ვანო კარკაძე 3. ირაკლი აფციაური 4. მიხეილ ბაბუნაშვილი 5. ლადო ჩაჩანიძე 6. ლუკა ივანიშვილი 7. ბექა საღინაძე 8. თორნიკე ჯალაღონია 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლუკა მატკავა 11. ალექსანდრე თოდუა 12. გიორგი კვესელაძე 13. დემურ თაფლაძე 14. აკაკი ტაბუცაძე 15. დავით ნინიაშვილი
მარქაფა
16. ირაკლი ქვათაძე 17. გიორგი თეთრაშვილი 18. ბექა გიგაშვილი 19. გიორგი ჯავახია 20. ილია სპანდერაშვილი 21. მიხეილ ალანია 22. თედო აბჟანდაძე 23. თორნიკე კახოიძე.
ლაშა თაბაგარი
