კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

0
8

პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული 1/4-ფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხბდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელიამ „ბაიერნის“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და პასი დეზირე დუეს მისცა, რომელმაც საჯარიმოსთან მიახლოებულმა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ტაიმის შუაწელში პარიზელთა შეტევის და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდების დროს, კვარაცხელიამ მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს გარედან მოახვედრა.
ამის შემდეგ, პსჟ-ს კარს მაიკლ ოლისე დაემუქრა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და დონარუმა ბურთს დაეუფლა. 32-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის ნახევარზე უპამეკანოს გაექცა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ ნოიერმა საუცხოოდ ითამაშა – ჯერ ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ ქართველს არ დამატებინა.
39-ე წუთზე მიუნხენელებმა კუთხური ჩააწოდეს და ჰარი კეინის თავური მერე, ბურთი კარს გადაცდა. პირველი ტაიმის მიწურულს „ბაიერნის“ ფორვარდი ჯამალ მუსიალა პსჟ-ს მეკარესთან ორთაბრძოლაში მძიმედ დაშავდა და შეცვალეს, თუმცა. დონარუმას გერმანელი ფეხბურთელის ტრავმაში წვლილი არ მიუძღვის. მუსიალას წვივის ძვალი მოტყდა და 4-5 თვე ვერ ითამაშებს.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ერთი შეხებით ბარკოლა მიუნხენელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდის დარტყმული ნოიერმა გაანეიტრალა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მიუნხენელთა სტანდარტულის შემდეგ, ოლისემ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმის შუაგულში პარიზელთა კარს ორჯერ ოლისე დაემუქრა, რასაც დონარუმას დამაჯერებელი თამაში მოჰყვა. 78-ე წუთზე ჟოაო ნევეშმა გერმანელთა ნახევარზე მოწინააღმდეგეს ბურთი დაათმობინა და შეტევა დაიწყო, რომელიც ჰაკიმიმ გააგრძელა, ხოლო ნევეშის გადაცემის მერე, დუემ დაახლოებით 17 მეტრიდან გაიტანა – 1:0.
81-ე წუთზე უხეშობისთვის პაჩომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და პსჟ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, ორ წუთში კი კვარაცხელია შეცვალეს. 88-ე წუთზე კეინმა ფრანგების კარი აიღო, თუმცა ოფსაიდის გამო გოლი ისევ არ ჩაითვალა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მსაჯმა ამჯერად წითელი ბარათი უხეშობისთვის ლუკა ერნანდესს აჩვენა , რომელიც მოედანზე 10 წუთის შესული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩა, გოლი მაინც გაიტანა – 96-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმი გერმანელთა ნახევარზე სამ ფეხბურთელს გაექცა და საჯარიმოში შესულმა პასი უსმან დემბელეს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ნოიერის კარი აიღო – 2:0. მანამდე, ფრანგი ფორვარდის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. დემბელემ მიმდინარე ტურნირში პირველად ითამაშა, რადგან ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპი და 1/8-ფინალი გამოტოვა.
მატჩის მიწურულს მსაჯმა ჩათვალა, რომ ნუნუ მენდეში თავის საჯარიმოში თომას მიულერს ეუხეშა და პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, რის შემდეგ თავისი გადაწყვეტილება გააუქმა.
ლაშა თაბაგარი