ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში დებიუტზე: „ასეთ მოედანზე თამაში იოლი არაა“

0
7

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი თამაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ეკვადორთან ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი მოედნის ცუდ საფარს გაუშვა, რომელზე თამაშიც იოლი არაა.
„ვფიქრობ, რთული პირობები იყო, რომ დალაგებული თამაში გვეჩვენებინა. ჩემი აზრით, მეორე ტაიმში კარგი საგოლე მომენტები ვინისიუსს და კაზემიროს ჰქონდათ. მართალია, შეტევაში უკეთესად თამაში შეგვეძლო, მაგრამ მეტოქის ძალაც უნდა გავითვალისწინოთ. ეკვადორმა ჩვენს მსგავსად კარგად ითამაშა.
შეტევა გვიჭირდა, რადგან მოწინააღმდეგე თავს კარგად იცავდა და ხაზებს შორის სივრცის მოძებნა რთული იყო. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ასეთ მოედანზე თამაში იოლი არაა“- იუწყება ბრაზილიური მედია ანჩელოტის ნათქვამს.
ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებმა ჩილე 1:0 დაამარცხა და 15 ტურში მოპოვებული 34 ქულით სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი სამი ტურით ადრე გაინაღდა.
ლაშა თაბაგარი