ქოჩორაშვილი სეგუნდაში გაჩემპიონდა, წიტაიშვილი პლეი-ოფს მიღმა

0
6

„ლევანტემ“, რომელთან ერთად გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა, საბოლოოდ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაამთავრა.
ბოლო 42-ე ტურში ვალენსიელებმა თავის მოედანზე „ეიბარი“ 1:0 დაამარცხეს და 79 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. ის მომავალი სეზონიდან პორტუგალიურ გრანდ ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს.
„გრანადამ“, სადაც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, რადგან სტუმრად სანტანდერის „რასინგთან“ 1:2 წააგო. სტუმრებიდან ანგარიში პირველი წუთზე ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბის გადაცემით რებაჩმა გახსნა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს. წიტაიშვილმა, რომელიც „გრანადაში“ კიევის „დინამომ“ გაანათხოვრა, განვლილ სეზონში სეგუნდაში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი