უეფას კონფერენს ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გათამაშება ლონდონის „ჩელსიმ“ მოიგო. იტალიელი ენცო მარესკას გაწვრთნილი გუნდი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მანუელ პელეგრინის სევილიას „ბეტისს“ დაუპირისპრდა და 4:1 დაამარცხა.
მატჩის მე-9 წუთზე ესპანელების კონტრშეტევის დროს ისკოს გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შესულმა ეზალზულიმ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
65-ე წუთზე კოულ პალმერმა, რომელიც „ბეტისის“ დაცვამ ვერ გააჩერა, ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნის გუნდის კაპიტან ენცო ფერნანდესს, რომელმაც მარკ ბარტრას პოზიციურად აჯობა და თავით გაიტანა – 1:1.
70-ე წუთზე პალმერი „ბეტისის“ საჯარიმოსთან ახლოს ერთ მცველს გაცდა და სევილიელთა საჯარიმოში ნიკოლას ჯეკსონი მოძებნა, რომელმაც მკერდით შეაგდო – 1:2.
83-ე წუთზე ჯეიდონ სანჩომ სევილიელთა საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც გაისწორა და შორეულ „ცხრიანში“ გაგზავნა – 1:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ლონდონელთა კონტრშეტევის დროს კაისედომ „ბეტისის“ საჯარიმოს თითქმის ხაზიდან დაარტყა და საბოლოო წერტილი დასვა – 1:4. მატჩის საუკთესო მოთამაშე პალმერი გახდა.
„ჩელსი“ ერთადერთი კლუბია, რომელმაც ხუთივე ევროპული თასი მოიპოვა. ლონდონელებმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის ლიგა, ორჯერ თასების მფლობელთა თასი, ორჯერ უეფას ევროპის სუპერთასი და კონფერენს ლიგა მოიგო. გარდა ამისა, ერთხელ ლონდონელებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს.
მარესკა, რომელმაც “ჩელსიში” სადებიუტო სეზონი ჩაატარა, მწვრთნელის რანგში პირველ ევროთასს დაეუფლა. მანამდე, მან “სევილიას” რიგებში ორჯერ ევროპა ლიგა მოიგო. “ჩელსიმ” კონფერენს ლიგის განვლილ გათამაშებაში 42 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია.
ლაშა თაბაგარი





