„დილამ“ „დინამოს“ შეყილაძის დუბლით სძლია – კანკავა ქომაგებს დაუპირისპირდა

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 წრის ბოლო მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი გორში შედგა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ თბილისის „დინამო“ მიიღ და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით აჯობა. სტუმრებს მე-17 ტურში „ტორპედოსთან“ საშინაო შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო გაძევებული 5 მოთამაშე აკლდათ.
მატჩის მე-19 წუთზე „დინამოს“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, გორელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ირაკლი იაკობიძემ მოიგო, ხოლო კართან ახლოს მყოფმა ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსაუმ ანგარიშ გახსნა – 0:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შოთა შეყილაძემ ფიზიკური ორთაბრძოლა თბილისელთა ერთ მცველს მოუგო, ხოლო საჯარიმოში შესული ბურთზე „დატრიალდა“ და მეტოქეს ისე გაცდა, რის შემდეგ აუღებლად დაარტყა – 1:1. მან მიმდინარე სეზონის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის მერე მოედნის ფარგლები დატოვა. „დილას“ შესრულებული კუთხურის შემდეგ, ბრაზილიელი მცველის ჟოაო არაუჟოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და შეყილაძესთან აღმოჩნდა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:1. 65-ე წუთზე ნიკა ნინუამ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვეულმა „დილას“ მეკარე დავით კერესელიძემ ბურთი მოიგერია. 72-ე წუთზე გიორგი გვასალიამ 23-24 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კერესელიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
75-ე წუთზე შეყილაძე სიკაჩთან პირისპირ გავიდა და წინ გამოსულ მოლდოველს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც ზედა ძელს მოხვდა.
დაახლოებით მე-80 წუთი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ აიტანა და მათთვის პასუხის გასაცემად მოედანსა და ტრიბუნებს შორის გამყოფ რკინის ბადესთან მივიდა. მას მხარი თანაგუნდელებმაც დაუჭირეს. ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, საბოლოოდ მხარეები დამშვიდნენ, ხოლო მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ კანკავა გააძევა. არადა, ჯაბამ მანამდე წითელი ბარათის გამო ორი თამაში გამოტოვა და გუნდს „დილასთან“ დაპირისპირების წინ დაუბრუნდა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გორელთა კონტრშეტევის დროს შეცვლაზე შესული ირაკლი ბუღრიძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილმა „დილამ“ 38 ქულით მეორე წრე მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის თავკაცობით „დინამოს“ 29 ქულა აქვს და მესამეა.
ლაშა თაბაგარი