შენგელიამ “ვირტუსი” ნახევარფინალში გაიყვანა

0
16

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის მეოთხედფინალში სერიის გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში ვიცე-ჩემპიონი და წლევანდელი სეზონის რეგულარული პირველობის გამარჯვებული ბოლონიის “ვირტუსი” შინ “ვენეციას” შეხვდა, დაძაბულ ორთაბრძოლაში 86:84 დაამარცხა და  საბოლოოდ სერია 3:2 მოიგო.
ბოლონიელები სერიას 2:0 იგებდნენ, მაგრამ წყვილის მესამე შეხვედრაში მათი ლიდერი თორნიკე შენგელია დაზიანდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ძლიერი დარტყმის შემდეგ ტვინის შერყევა მიიღო და თამაშის გაგრძლება ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ, “ვირტუსმა” ზედიზედ ორი მატჩი დათმო და უპირატესობა დაკარგა.
სერიის დასკვნით მატჩშიც, ვენეციელებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და სენსაციასთანაც ახლოს იყვნენ.
ბოლო მეოთხედში პარკეტზე თორნიკე შენგელია გამოჩნდა. თორნიკეს შეხვედრაში მონაწილეობა თითქმის გამორიცხული გახლდათ, მაგრამ ქართველი ჯანმრთელობის საფასურად რისკზე წავიდა  და ბოლონიელები ნახევარფინალში გაიყვანა.
თოკომ პარკეტზე დასკვნითი 3 წუთი გაატარა და ამ მცირე სათამაშო დროში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7 ქულა შესძინა თავისიანებს და ერთი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
ბოლონიელები ნახევარფინალურ სერიას მოქმედ ჩემპიონ “მილანთან” გამართავენ. წინა ჩემპიონატის პლეი ოფში ეს გუნდები ერთმანეთს ფინალურ სერიაში შეხვდნენ და შარშან მილანელებმა იმარჯვეს.