„ჰაიდენჰაიმი“, რომელსაც ზამთარში ბუდუ ზივზივაძე შეუერთდა, გერმანიის პირველი ბუნდესლიგაში დარჩა.
„ჰაიდენჰაიმმა“ პლეი-აუტის პირველი შეხვედრა მეორე ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზე გასულ „ელვერსბერგთან“ შინ 2:2 დაასრულა, ხოლო საპასუხო მატჩში სტუმრად 2:1 გაიმარჯვა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 23-ე წუთზე ტრავმირებული პიერინგერის ნაცვლად ჩაერთო.
სტუმრები მე-9 წუთზე ჰონსაკმა დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე ფელჰაუერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გადამწყვეტი გოლი სკიენცამ შეაგდო და „ჰაოდენჰაიმს“ მოაგებინა.
ზივზივაძემ განვლილ სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან სეზონის პირველი ნახევარი „კარლსრუეში“ გაატარა, სადაც მეორე ბუნდესლიგაში 17-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო, პლუს 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





