გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენთან“ ერთად დანიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო. საჩემპიონო ჯგუფის ბოლო მე-10 ტურში „კოპემჰაგენმა“ შინ „ნორსიელანდი“ 3:0 დაამარცხა და ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ „მიდტიულანდს“. განვლილ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მასპინძლების განაცხადში არ იყო. გოჩოლეიშვილმა, რომელიც „კოპენჰაგენში“ დონეცკის „შახტარმა“ ერთი წლით გაანათხოვრა, განვლილ სეზონში დანიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან დანიის თასზე 2-ჯერ ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე 10-ჯერ. დანიაში გაჩემპიონებამდე, გოჩოლეიშვილმა „შახტარის“ მაისურით ორჯერ უკრაინის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ – თასი.
ლაშა თაბაგარი
