დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მე-11 გოლი გაიტანა. 34-ე ტურში „ზირე“ სტუმრად „საბაილს“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეკარის მოგერიებული ბურთი ახლო მანძილიდან კარში შეაგორა. მის მსგავსად „ზირეს“ სასტარტოში შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი იყო, რომელიც 92-ე წუთზე შეცვალეს. „ზირეს“ 70 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. მომავალ სეზონში ვოლკოვის და პაპუნაშვილის გუნდი უეფას კონფერენს ლიგაში ითამაშებს.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 39-ე ტურში სტუმრად ლიდერი „ელჩე“ 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „ლევანტე“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და „ელჩეს“ ქულით ჩამორჩება. თუ დარჩენილ ტურებში ვალენსიელებმა მინიმუმ მეორე ადგილი შეინარჩუნეს, მაშინ მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი





