ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მე-12 ტურში „შანდუნი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ „ჟეჯიანი“ 4:2 დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა ზეკას პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 63-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში შესულმა ყაზაიშვილმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიცილა და მისი დარტყმის შემდეგ მეკარეს ბურთი ფეხებში გაუძვრა – 3:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს ყაზაიშვილმა ისარგებლა, რომ შეტევაში ჩართულმა „ჟეჯიანის“ მეკარემ უკან დაბრუნება ვერ მოასწრო და დაახლოებით 35 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა – 4:2. მან ამ სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 12 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ცნობისთვის, მან ამდენი გოლი ჩინეთის ჩემპიონატში მთელი გასულ სეზონის განმავლობაში გაიტანა. „შანდუნი“ 20 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





