„ემპოლიმ“, რომლის ღირსებას საბა გოგლიჩიძე იცავს, იტალიის სერია A-ში 20-მატჩიანი მოუგებელი (6 ფრე და 14 წაგება) შეწყვიტა. 36-ე ტურში ტოსკანელებმა „პარმა“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. მასპინძლებიდან მე-11 წუთზე ანგარიში ფაცინიმ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე დურიჩმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 86-ე წუთზე ანჯორინმა „პარმას“ კარი აიღო და თავის გუნდს სანატრელი გამარჯვება მოუტანა. „ემპოლი“ 28 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში ანზორ მექვაბიშვილის კრაივოას „უნივერსიტატიამ“ „კლუჟი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 82-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 37 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
