„ბარსელონამ“ სეზონში მეოთხე „ელ კლასიკო“ მოიგო

0
2

„ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალს“ ზედიზედ მეოთხე „ელ კლასიკო“ მოუგო. გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილებმა იტალიელი კარლო ანჩელოტის შეგირდები „მონჟუიკზე“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით აგებდნენ, უაღრესად სანახაოებრივ შეხვედრაში სამი ქულა მაინც აიღეს.
მატჩის მე-5 წუთზე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ გასული კილიან მბაპე „ბარსას“ მეკარემ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა გოლად აქცია – 0:1. მე-14 წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა მარცხენა ფლანგიდან კარგი პასი გაუკეთა კილიან მბაპეს და მეკარესთან მარტო დარჩენილმა ფრანგმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა – 0:2.
მე-19 წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ფერან ტორესმა მოიგო, ხოლო ერიკ გარსიამ თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. 32-ე წუთზე ფერან ტორესის გადაცემის მერე, ლამინ იამალმა თითქმის საჯარიმოს ხაზიდან შორეულ კუთხეში „მოჭრილი“ დარტყმით გაიტანა – 2:2. 34-ე წუთზე დანის სებალიოსმა და მბაპემ მოედნის ცენტრში ვერ გაიყვეს ბურთი, რომელიც პედრის მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ტიბო კურტუას შეატოვა რაფინია რომლის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 3:2. რამდენიმე წუთში, იამალმა თავზე „დაასვა“ ბურთი რაფინიას, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.
45-ე წუთზე რაფინიამ „რეალის“ ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელ ლუკას ვასკესს აართვა ბურთი, რომელსაც ფერან ტორესი დაეუფლა და ბრაზილიელი თანაგუნდელი კურტუას შეატოვა, რასაც სტუმართა კარში მეოთხე გოლი მოჰყვა – 4:2. 70-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა მეორე საგოლე პასი მისცა მბაპეს, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში „ელ კლასიკოში“ პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ამ ეპიზოდიდან დიდი დროს არ გასულა, რომე ფერან ტორესის დარტყმის შემდეგ მადრიდელთა საჯარიმოში ჩუამენის ბურთი აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი არ დანიშნა. 88-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამის შესულ ვიქტორ მუნიოსს თავი სადებიუტო შეხვედრაში „რეალისთვის“ ქულის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა. მსაჯის მიერ ძირითად დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მბაპეს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან შჩესნის ვერ აჯობა. შეხვედრის ბოლო წუთზე ფერმინ ლოპესმა „რეალის“ კარი აიღო და გოლი ზარ-ზეიმით აღნიშნა, თუმცა, საბოლოო გოლი არ ჩაითვალა, რადგან VAR-ზე გამოჩნდა, რომ მანამდე ბურთი „ბარსას“ მოთამაშეს ხელზე შეეხო.
ფლიკმა, რომელიც „ბარსელონაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს მიჯრით ოთხი „ელ კლასიკო“ მოიგო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პეპ გვარდიოლას აქვს, რომელმაც თავის დროზე ზედიზედ ხუთ „ელ კლასიკოში“ გაიმარჯვა. „ბარსელონამ“ „რეალს“ ერთ სეზონში ყველა ტურნირში 16 გოლი გაუტანა. მანამდე, მადრიდელებს სეზონის განმავლობაში ერთი გუნდისთან თავის კარში ამდენი ბურთი არასოდეს მიუღია. „რეალმა“ ანჩელოტის ხელმძღვანელობით სეზონში 14 მატჩი პირველად წააგო.
„ბარსელონამ“ 104 „ელ კლასიკო“ მოიგო, ხოლო „რეალმა“ – 105, 52 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
„ბარსელონამ“ ამ მოგებით ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან ჩემოიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 82 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია და მეორეადგილოსან „რეალს“ 7 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი