კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური თბილისში დასრულდა, სადაც „მიხეილ მესხი 2“-ზე საგარეჯოს „გარეჯმა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მათე ვაწაძემ თავით საჯარიმოში ბურთი ნიკა ნინუას „დაუგდო“, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გააჩერა, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა – 0:1.
50-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ვაწაძემ თავით ამჯერად საგოლე პასი ვაკო გვილიას გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა – 0:2.
61-ე წუთზე „გარეჯმა“ კუთხური ჩააწოდა და „დინამოს“ საჯარიმოში ბურთი თორნიკე ძებნიაურმა მიიღო, რომლის პასის მერე თამაც ცეცხლაძემ თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. „გარეჯმა“ თამაში კაცნაკლულმა დაასრულა, რადგან გიორგი გაბაძემ მეორე ყვითრლი ბარათი მიიღო და გააძევეს. ცნობისთვის, განვლილ შეხვედრაში “დინამოში” დებიუტი 16 წლის ცენტრალურ მცველ მათე შათირიშვილს ჰქონდა.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილ „დინამოს“ 25 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო „გარეჯი“ 12 ქულით მერვეა.
გარეჯი 1:2 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





