კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ამ ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაცია იუწყება. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, 65 წლის იტალიელის ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება და ის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. თუ ბრაზილია 2026 წელს მუნდიალს მოიგებს, ანჩელოტი დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ანჩელოტი მეორე უცხოელი მწვრთნელია, რომელიც ბრაზილიას გაუძღვება. 1965 წელს „სელესაოს“ არგენტინელმა ფილიპო ნუნიესმა ერთ მატჩში (ბრაზილიამ იმარჯვა) უხელმძღვანელა.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ დატოვებს და ბრაზილიელებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 ივნისს სტუმრად ეკვადორთან, ხოლო 11 ივნისს შინ პარაგვაისთან გამასამართი მატჩებისთვის მოამზადებს.
ანჩელოტი “რეალს” 2021 წლიდან ავარჯიშებს და კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. მან მადრიდელებთან ერთად 15 ტიტული მოიგო – ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ლაშა თაბაგარი
