ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების კვირის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. პსჟ-მ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშობს, ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ლონდონის „არსენალი“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგო, ფინალში გავიდა. პსჟ 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ შეხვდება.
კვარაცხელიამ პარიზში გამართული შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთ გამორჩეული იყო. ის სიმბოლურ ნაკრებში პირველად 1/4-ფინალში პარიზში ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 3:1 მოგებული მატჩის მერე მოხვდა, რომელშიც საუცხოო გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელეს. მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 თამაშში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: იან ზომერი (ინტერი)
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ჟერარ მარტინი (ბარსელონა).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), ფაბიან რუისი (პსჟ).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).
ლაშა თაბაგარი





