სიმონე ინძაგი: „ჩვენმა გულებმა ყველა წინააღმდეგობა გადალახეს“

0
47

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ამაყობს თავისი ფეხბურთელებით, რომელთაც ფინალში თამაში დაიმსახურეს. იტალიელმა სპეციალისტიმა ამის შესახებ ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ „ბარსელონასთან“ 4:3 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„პირველ ყოვლისა, მსურს „ბარსელონას“ მივულოცო, რომელიც მართლაც ძლიერი გუნდია. „ინტერმა“ სუპერთამაში აჩვენა. მადლობა უნდა ვუთხრა ბიჭებს, რომლებმაც ორი უდიდესი მატჩი ჩაატარეს. მათი გაწვრთნით ბედნიერი ვარ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. საუცხოოა, რომ მათ წარმატების ზეიმი თავის სტადიონზე შეუძლიათ.
გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ჩვენმა გულებმა ყველა წინააღმდეგობა გადალახეს. ჩვენ ვცდილობდით გვეთამაშა. საკუთარი არსენალი და ის თვისებები გამოგვეყენებინა, რომლებსაც ვფლობთ. პირველი მატჩის შემდეგ, საპასუხო თამაშისთვის კარგი გეგმა დავსახეთ, რომელსაც თავდადების და ურთიერთდახმარების გარეშე ვერ შევასრულებდით. საამაყო ბიჭები არიან, რომელთაც ფინალი დაიმსახურეს.
ბევრი იამალზე საუბრობდა, მაგრამ მე კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი დავინაზე – ფრენკი დე იონგი. მან იამალზე არანაკლებ მომხიბლა. ის ყოველ „გადმოვარდნილ“ ბურთს იღებდა. ჩემს ბიჭებს არავისზე გავცვლი, მაგრამ იამალის გარდა, კიდევ ბევრი ძლიერი მოთამაშე დავინახე“ – იუწყება ინძაგის  ნათქვამს იტალიური მედია.
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს და ლონდონის „არსენალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პსჟ-მ პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგო და დღეს, პარიზში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი