უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტი ცნობილია. 1/2-ფინალის პირველ მატჩში მილანის „ინტერმა“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 3:3 ითამაშა, ხოლო შინ მეტად სანახაოებრივ და დრამატულ დაპირისპირებაში ესპანური გრანდი დამატებით დროში მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის მე-20 წუთზე დიმარკო „ბარსას“ ნახევარზე ბურთი დანი ოლმოს აართვა და მეტოქის მეკარესთან პირისპირ დენზელ დუმფრისი გაიყვანა, რომელმაც დარტყმის ნაცვლად პასი ლაუტარო მარტინესს გაუკეთა, ხოლო არგენტინელმა ანგარიში გახსნა – 1:0. არგენტინელმა “ინტერის” მაისურით მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 9 გოლი გაიტანა და თანამემამულე ერნანს კრესპოს საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე კუბარსიმ თავის საჯარიმოში ლაუტარო მარტინესი წააქცია, მსაჯმა კი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაიტანა – 2:0. პირველ ტაიმში „ინტერმა“ კიდევ ერთი სახიფათო მოემნტი შექმნა, როდესაც საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა მცველს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ საიმედოდ ითამაშა.
შესვენების შემდეგ „ბარსელონამ“ აშკარად მოუმატა და 54-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ხერარდ მარტინის პასის მერე, სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ერიკ გარსიამ ბურთი მიწაზე დაუშვებლად „ცხრიანში“ გაგზავნა – 2:1. მე-60 წუთზე ერიკა გარსიამ ისევ მარცხენა ფრთიდან ზუსტად გადააწოდა ბურთი „ინტერის“ საჯარიმოში გახსნილ დანი ოლმოს, რომელმაც ვარდნაში თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
87-ე წუთზე რაფინიამ მილანის საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც მარცხენა ფეხით კარში გაგზავნა და შჩესნიმ მოიგერია, ხოლო ბრაზილიელმა მარჯვენათი ზუსტად დაამატა – 3:2. ამის შემდეგ ლამინ იამალმა იტალიელთა საჯარიმოსი ხაზიდან გაგზავნა კარში ბურთი, რომელიც გვერდით ძელს მოხვდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეტევაში ჩართულმა დუმფრისმა მარჯვენა ფლანგიდან „ბარსელონას“ საჯარიმოში გახსნილ 37 წლის მცველ ფრანჩესკო აჩერბის გაუკეთა პასი, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა. მან კარიერაში ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა.
დამატებითი დრო დაინიშნა და 99-ე წუთზე მარკუს ტურამი მარჯვენა ფლანგზე არაუხოს გაექცა, რის შემდეგ საჯარიმოში მეჰდი ტარემი მოძებნა, რომელმაც ბურთი ფრატეზის დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა – 4:3.
„ინტერი“ სიმონე ინძაგის თავკაცობით ბოლო სამ წელიწადში ჩემიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა. მანამდე, მილანელებმა ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ფინალში 6-ჯერ ითამაშეს და 3-ჯერ მოიგეს. ბოლოს „ინტერმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 2010 წელს გაიმარჯვა, როდესაც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა. „ბარსელონას“ 2015 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ უთამაშია. ესპანელებმა მიმდინარე გათამაშებში 24 გოლი გაუშვეს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
„ინტერი“ ფინალში პსჟ-ს და ლონდონის „არსენალსა“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პსჟ-მ პირველი თამაში სტუმრად 1:0 მოიგო და დღეს, პარიზში გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





