ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლმა გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო. ის კი არა, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ტენერიფესთან“ საშინაო შეხვედრაში გოლი ბოლო წუთებზე რომ არ გაეტანა, ისევ უქულოდ დარჩებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. სტუმრებიდან 32-ე წუთზე ანგარიში ალეხანდრო კანტერომ გახსნა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე როხერ ბრუგიმ ვალენსიელებს ქულა გადაურჩინა. „ლევანტე“ 67 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ელჩეს“ უკვე 4 ქულა ჩამორჩება.
„გრანადა“ გასვლაზე „მალაგასთან“ 0:1 დამარცხდა და სტუმრებში ორი ტაიმი ითამაშა ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „გრანადა“ 59 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





