გოგლიჩიძის „ემპოლის“ წარუმატებელ სერიას დასასრული არ უჩანს

0
8

საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთვის“ იტალიის სერია A-ს მორიგი ტური ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოსკანელები 35-ე ტურში რომის „ლაციოს“ შეხვდნენ და 0:1 დამარცხდნენ. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი პირველ წუთზე დიამ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. „ემპოლის“ ჩემპიონატში ზედიზედ 20 თამაშია არ მოუგია (6 ფრე და 13 წაგება) – 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
იტალიის სერია B-ს 37-ე ტურში „სალერნიტანამ“ „მანტოვა“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „სალერნიტანა“ 39 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
„ფროზინონემ“ „ჩიტადელას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე ფროზინონელთა სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ერთდერთი გოლი 35-ე წუთზე ქართველის მოპოვებული პენალტიდან გაიტანეს, როდესაც კვერნაძის დარტყმული ბურთი მცველმა თავის საჯარიმოში ხელით შეაჩერა. „ფროზინონ“ 40 ქულით მეთხუთმეტეა.
ლაშა თაბაგარი