გიორგი ზარიამ მიმდინარე სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-8 ტურში ალმათის „ქაირათი“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი თანამემამულე მცველ გიორგი გადრანთან ერთად გამოდის, სტუმრად „ულუტაუს“ შეხვდა და 4:1 აჯობა.
ზარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა – 0:3, ხოლო 69-ე წუთზე შეცვალეს. მან ჩემპიონატში ჩატარებულ 8 მატჩში გატანილი 4 ბურთის გარდა, ყაზახეთის თასზე ერთხელ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა. გადრანი ტრავმას მკურნალობს და ალმათელთა განაცხადში ისევ არ იყო. „ქაირათი“ 20 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად ოდესის „ჩერნომორეცს“ 3:0 აჯობა. გამარჯვებულთა სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა ითამაშა, რომელმაც 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ეზე შეცვალეს. ოდესელთა სასტარტოში ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრების მცველი ლუკა ლაცაბიძე იყო, რომელიც შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. „შახტარი“ 57 ქულით 16 გუნდში მესამეა, ხოლო „ჩერნომორეცი“ 18 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
