„დინამომ“ „კოლხეთს“ უპრობლემოდ აჯობა

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი თბილსში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა ადგილობრივმა „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და სამი ქულა დიდი პრობლემის გარეშე აიღო.
მატჩის მე-12 წუთზე საბა ხარებაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ფოთელთა ნიგერიელი ნახევარმცველის ტიმ ოლოკო=ობის თავიდან ბურთი შორეულ ძელთან მდგომ მათე ვაწაძეს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. მე-15 წუთზე ვაკო გვილიამ ზუსტი პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ თორნიკე მორჩილაძეს, რომელმაც ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში მოათავსა – 2:0.
მეორე ტაიმის დასაწყისშო დინამოელთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ირაკლი იაკობიძის თავური სტუმართა უკრაინელმა მეკარე იაროსლავ კოტლიაროვმა გაანეიტრალა, ხოლო ახლო მანძლიდან ვაწაძის დამატებული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმის შუაწელში თორნიკე მოისწრაფიშვილმა ბურთი თბილისელთა საჯარიმოში მიიღო და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მოლდოველ მეკარე სტეფან სიკაჩს ვერ აჯობა. ამის შემდეგ, „დინამოს“ კიდევ უფრო წინ გაყვანა შეცვლაზე შესულ ნიკა ნინუას შეეძლო, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი კარს ააცილა. 84-ე წუთზე „კოლხეთის“ კოტდივუარელი მცველი სულეიმან მეიტეს მოედანზე ახალ შესულ ნოდარ ლომინაძეს ეუხეშა, რისთვისაც არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. 89-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს ოთარ აფციაურმა ფოთელთა მეკარესთან მარტო ნოდარ ლომინაძე დატოვა, რომელმაც კოტლიაროვს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 3:0.
„დინამო“ 19 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „კოლხეთმა“ 11 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზეა.
დინამო თბ 3:0 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი