„გარეჯმა“ გიორგი მიქაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მე-12 ტურში საგარეჯოელებმა თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით სძლიეს.
შეხვედრის მე-12 წუთზე ბადრი გოგობერიშვილის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ფრანსუა ეკონგოლომ მცველს გაასწრო და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
63-ე წუთზე „სამგურალის“ შეტევის დროს მასპინძლების მცველმა სულხან სვიანიძემ თავის საჯარიმოში ბურთის მოგერიების დროს ბურთს ფეხს ააცილა, რითაც გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 67-ე წუთზე გოგობერიშვილი წყალტუბოელთა საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ლევან პაპავამ გაიტანა – 2:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „გარეჯმა“ მიმდინარე სეზონში მეორე თამაში მოიგო – 9 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა. იტალიელი როდოლფო ვანოლის გაწვრთნილი „სამგურალი“ 12 ქულით მეხუთეა.
გარეჯი 2:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი
