ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ პსჟ-სთან 0:1 წაგების მიუხედავად ჯერ დაკარგული არაფერია. განვლილ შეხვედრაში პარიზელთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და უსმან დემბელეს გამარჯვების გოლი გაატანინა.
„განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა ცალკეულ მომენტში გატანილი გოლისა. დონე ასეთია. ამის შემდეგ, ვფიქრობ გუნდი უკეთესად და უკეთესად თამაშობდა. მხოლოდ იმითა ვარ იმედგაცრუებული, რომ ფრეს ვერ მივაღწიეთ.
დაპირისპირების მხოლოდ ნახევარია გასული. განწყობა ისეთივე გვაქვს, როგორც „რეალთან“ საშინაო მატჩამდე. ჩვენ პარიზში უნდა მოვიგოთ და ამის გაკეთება შეგვიძლია. დღეს ორი ძალიან კარგი გუნდი ვნახე. ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა. მეტოქემ შეტევაში ძალიან ეფექტურად ითამაშა და პლუს მეკარე საუცხოოდ ირჯებოდა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
“არსენალი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრას პსჟ-სთან 7 მაისს პარიზში “პარკ დე პრენსზე” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





