„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს მიაჩნია, რომ გუნდმა სერიოზულად უნდა იშრომოს, რათა ფინალში გავიდეს. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დღეს მილანის „ინტერთან“ შინ გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„მე ვხედავ ყველა როგორაა ფოკუსირებული და ყველას ესმის ეს ნახევარფინალი რამდენად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ესპანეთის თასის ფინალში „რეალთან“ გამარჯვება განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ფინალში გასასვლელად სერიოზულად უნდა ვიშრომოთ.
ჩვენ მხოლოდ პირველ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. „ინტერი“ სრულებით სხვა მეტოქეა. ვფიქრობ, ამ გუნდის დაცვის ხაზი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედოა. ამასთანავე მილანელებს ძალიან კარგი ნახევარდაცვა და ორი საუცხოოდ ფორვარდი ჰყავთ. ძალიან რთული მატჩი იქნება, რომლისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – იუწყება ფლიკის ნათქვამს უეფას პრესსამსახური.
„ბარსელონა“ – „ინტერის“ მატჩი სტადიონ „მონჟუიკზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





