მამაგეიშვილის „ფამალიკაო“ „ბრაგას“ დაუზავდა

0
2

„ფამალიკაო“, რომელსაც მიმდინარე წლის ზამთარში ოთარ მამაგეიშვილი შეუერთდა, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 31-ე ტურში სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „ბრაგას“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლებიდან მე-8 წუთზე ანგარიში ჯასტინ დე ჰასმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 74-ე წუთზე „ფამალიკაოს“ მცველმა როდრიგო პინეირომ ავტოგოლი მიითვალა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ფამალიკაო“ 44 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო მამაგეიშვილმა მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და საერთო ჯამში მოედანზე 42 წუთი გაატარა.
სამაგიეროდ, სათამაშო პრაქტიკა არ აკლია ნაკრებში მის თანაგუნდელ ირაკლი ეგოიანს, რომლის „ვიტესი“ ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 36-ე ტურში სტუმრად „კამბურთან“ 1:2 დამარცხდა. ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა. „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 20 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი