პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვაარცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველად დამარცხდა. 31-ე ტურში პარიზელები მოქმედი ჩემპიონის რანგში თავის მოედანზე მეოთხეადგილოსან „ნიცას“ დაუპირისპირდნენ და ქულაც ვერ აიღეს. მანამდე, ლუის ენრიკეს გაწვრთნილს გუნდს ჩემპიონატში ზედიზედ 30-ჯერ არ წაეგო. პსჟ ევროპის ტოპ 5 ლიგის ბოლო გუნდია, რომელიც შიდა ასპარეზზე დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის 28-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ფინტით ორი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. ამის შემდეგ, მან კარგი პასით ნიცელთა მეკარესთან უსმან დემბელე დატოვა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.
34-ე წუთზე ბუანანის გადაცემის მერე, პსჟ-ს კარი დონარუმასთან მარტო დარჩენილმა სანსონმა აიღო – 0:1.
41-ე წუთზე დემბელემ საჯარიმოში გახსნილი ფაბიან რუისი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:1. 46-ე წუთზე კლაუსმა მარჯვენა ფლანგიდან პსჟ-ს საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა სანსონმა „ნახევრადმაკრატელა“ შეაგდო – 1:2. 64-ე წუთზე დემებელეს გადაცემის შემდეგ „ნიცას“ საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია მცველმა ვარდნაში აშკარად წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. 70-ე წუთზე ბოუნანიმ ჯარიმის შესრულების დროს მარცხენა ფლანგიდან ბურთი პარიზელთა საჯარიმოში ჩაკჰიდა, სადაც მყოფმა ნდაუშიმიემ თავით გაიტანა. 90-ე წუთზე კარის წინ მდგომმა გონსალუ რამუშმა ერთი შეხებით დაარტყა და „ნიცას“ მეკარე გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა. კუთხურის ჩაწოდების მერე, საჯარიმოს გარედან ვიტინიამ დაარტყა სახიფათოდ და ბულკა ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ვიტინიამ ისე შორი მანძილიდან დაემუქრა ნიცელთა კარს და კვლავ მეკარემ იყოჩაღა.
პსჟ 78 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და 29 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ თამაშს სტუმრად ლონდონის „არსენალთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
