„ლიონის“ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთვის რთული გასაგებია თუ რა მოხდა ევროპა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „მანჩესტერ იუნაიეტდთან“ გამართულ მატჩში, რომელსაც ფრანგები დამატებით დროში 4:2 იგებდნენ, მაგრამ 4:5 დამარცხდნენ.
„რთული გასაგებია რა მოხდა. ვფიქრობ, რომ საუცხოო რამ გავაკეთეთ. მოედანზე ერთი კაცით ნაკლები ვიყავით და 4:2 ვიგებდით. თუმცა, ამ დროს ზეიმი დავიწყეთ, არადა, მატჩი დასრულებული არ იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გავიმარჯვეთ. ამ დროს თამაშის მართვაზე უნდა გვეფიქრა.
ამ მომენტში გამოცდილება არ გვეყო. პენალტის გატანის შემდეგ, როდესაც ანგარიში 3:4 გახდა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიდი წნეხის ქვეშ მოგვაქცია და ბევრ მაღალ ბურთს აწოდებდა საჯარიმოში, ხოლო ჩვენ დავნებდით“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
განვლილ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი





