სიმონე ინძაგი: „ეს საღამო დიდი ხანი გვემახსოვრება“

0
7

მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში შინ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუზავდა (2:2) და გამომდინარე იქიდან, რომ პირველ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, ბოლოს სამ წელიწადში მეორედ 1/2-ფინალში გავიდა.
მილანში გამართული მატჩის 52-ე წუთზე ჰარი კეინმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მას მერე რაც ერთ მცველს გაცდა ზუსტად დაარტყა – 0:1. 58-ე წუთზე „ინტერმა“ კუთხური ჩააწოდა და გუნდის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა პირველ ცდაზე თავით ცუდად დაარტყა, მაგრამ მიუნხენელთა მცველისგან ისევ მიუვიდა ბურთი, რომელიც კარში გადაგზავნა – 1:1. 61-ე წუთზე ჩალჰანოღლუს ჩაწოდებული კუთხურის მერე, პავარმა თავური დარტყმით „ინტერი“ დააწინაურა – 2:1. 76-ე წუთზე გნაბრის პასის მერე დაიერმა თავით თითქმის კუთხურის ხაზიდან გაიტანა – 2:2. “ინტერი” 1/2-ფინალში “ბარსელონას” შეხვდება – პირველი მატჩი 30 აპრილს ბარსელონაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო თამაში 6 მაისს მილანში შედგება.
მატჩის შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ ეს საღამო დიდი ხანი დაამახსოვრდებათ:
„საუცხოო საღამო აღმოჩნდა. ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ძლიერი გუნდი გავიარეთ. ორი ძალიან მაღალი დონის მატჩი ჩავატარეთ და ბოლომდე დავიხარჯეთ. ეს გამარჯვება ყველა იმ ადამიანთან ერთად უნდა გავიყოთ, რომლებისთვის „ინტერი“ სულერთი არაა. მოდით წინ წავიდეთ! ეს სეზონი ბევრ დადებით ემოციას გვჩუქნის. „ბაიერნი“ მთელი შეხვედრა ინტენსიურად თამაშობდა, ხოლო ჩვენ დარტყმაზე დარტყმით ვპასუხობდით.
ეს საღამო დიდი ხანი გვემახსოვრება. ეს ჯილდოა ჩვენს მიერ გაწეული მძიმე სამუშაოსთვის. დიად გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემს გუნდში დიადი ფეხბურთელები თამაშობენ. ბიჭებს ბევრი მსხვერპლის გაღება უწევთ. მათ ვულოცავ ყოველივეს, რაც მოედანზე გააკეთეს“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი