ხვიჩა კვარაცხელია ნახევარფინალში „არსენალს“ შეხვდება

0
28

პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. ესპანელი მიკელ არტეტას გაწვრთნილებმა 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ მადრიდის „რეალი“ 3:0 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად 2:1 აჯობეს და 2009 წლის შემდეგ პირველად 1/2-ფინალში გავიდნენ.
მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებულ დაპირისპირებაში „რეალმა“ მორიგი სასწაული ვერ მოახდინა. თამაშის მე-13 წუთზე „არსენალის“ ჩაწოდებული კუთხურის დროს რაულ ასენსიომ თავის საჯარიმოში მეტოქე ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. თავდაპირველად თერთმეტმეტრიანის შესრულებას გუნდის კაპიტანი მარტინ ოდეგორი აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ბუკაიო საკამ დაარტყა და ტიბო კურტუამ ბურთი მოიგერია.
30-ე წუთზე დეკლაინ რაისთან ორთაბრძოლის დროს „არსენალის“ საჯარიმოში კილიან მბაპე დაეცა და არბიტრმა თავდაპირველად თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. თუმცა, ამ მომენტის VAR-ზე განხილვა დიდი ხანი გაგრძელდა და საბოლოოდ თავისი გადაწყვეტილება გააუქმა, რადგან ჩათავალა, რომ ფრანგი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
65-ე წუთზე ლონდონელთა კარგი კომბინაციის დროს მიკელ მერინომ საუცხოო პასით საკა დატოვა კურტუასთან პირისპირ და ინგლისელმა მეკარეს თავს ზემოთ ბურთი ოსტატურად გადაუგდო – 0:1. ორ წუთში ვინიუსიუს ჟუნიორმა ინგლსელთა საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მან “რეალის” მაიისურით 105 გოლი გაიტანა და ლეგენდარულ თანამემამულე რონალდოს გაასწრო. ვინისიუსი “სამეფო კლუბის” ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ბრაზილიელია.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „არსენალის“ კონტრშეტევის დროს მარტინელიმ „რეალის“ მცველ ფრან გარსიას გაასწრო და მეკარესთან მარტო დარჩენილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2. „რეალი“ 2020 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ვერ გავიდა. “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაში მადრიდელებთან ჩატარებული 4 მატჩიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
“არსენალი” პსჟ-ს 29 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა პარიზში 7 მაისს შედგება.
ლაშა თაბაგარი