ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის ბოლო ტურში შინ საფრანგეთთან 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის შეგირდებს გრანდებთან თანაბრად თამაში შეუძლია,
“კარგად ვიცოდით, რომ საფრანგეთის ნაკრების ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხება რთული იქნებოდა, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და გამოჩნდა, რომ გრანდებთანაც შეგვიძლია თამაში. საფრანგეთს თანაბრად ვეთამაშეთ და ბოლო წუთებზე მოგებაც შეგვეძლო. ამ მატჩებში მიღებული გამოცდილება მომავალაში გამოგვადგება. პლეი-ოფში ჩვენი მოწინააღმდეგე 21 მაისს გაირკვევა, მერე კი სექტემბრის მატჩებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ“ – იუწყება ასათიანის ნათქვამს სფფ-ს პრესსამსახური.
ირაკლი ღავთაძე: “საფრანგეთის ნაკრებთან გუნდმა ხასიათი გამოავლინა. 2:1-ის შემდეგ არ იყო ისეთი განწყობა, რომ ეს მაგარი შედეგია. პირიქით, უფრო მეტი ბურთის გატანა, მოგება და პირველ ადგილზე გასვლა გვინდოდა.
საფრანგეთი ძლიერი ნაკრებია და, რა თქმა უნდა, რთულ შეხვედრას ველოდით. ვფიქრობ, ხასიათი, ინდივიდუალიზმი, კლასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთსულოვნება ვაჩვენეთ. ასეთი მიდგომით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია.
სექტემბერში პლეი-ოფის მატჩებს კარგ ფორმაში უნდა შევხდეთ, რადგან ეს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბოლო შანსია”.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და 21 მაისს გასამართ კენჭისყრაზე პლეი-ოფში თავის მეტოქეს შეიტყობს.
ლაშა თაბაგარი
