„დინამომ“ „დილას“ წაუგებელი სერია შეწყვიტა

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო მე-9 ტურმა სტარტი თბილისში აიღო, სადაც ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილმა ადგილობრივმა „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ზედიზედ ორი წაგების მერე, სამი ქულა აიღო.
პირველი ტაიმის მიწურულს „დილას“ ერთი შეტევის დროს გოლის გატანის ორი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლების მოლდოველმა მეკარე სტეფან სიკაჩმა საიმედოდ ითამაშა.
მატჩის 53-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა საბა ხარებაშვილმა „დილას“ საჯარიმოში ზუსტი პასი თორნიკე მორჩილაძეს გაუკეთა, რომელიც ორ მცველს „გაეპარა“ და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე საბა ხარებაშვილმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი „დილას“ საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბრაზილიელმა მცველმა ლეო ასუნსაუმ ვარდნაში თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
ანგარიშის გაზრდიდან ერთ წუთში დინამოელთა კარის აღების შესაძლებლობა სენეგალელ ნახევარმცველ იბრაჰიმა დრამეს ჰქონდა, რომელმაც კარიდან ცუდად გამოსულ სიკაჩს დაასწრო და თავით მიზანს ოდნავ ააცილა. 90-ე წუთზე “დილას” ძალიან გამოცდილი პორტუგალიელი მცველი პედრო მენდეში შეცვლაზე შესულ ნიკა ნინუას შეეჯახა, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და მოედანი დატოვა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე განელმა ბლანკსონ ანოფმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და სიკაჩმა ნახტომში მისგან მარცხენა კუთხეში წასული ბურთი ვერ მოიგერია – 2:1. შეხვედრის ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ანოფმა დაარტყა და ბურთი კანკავას ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილი „დილას“ 6-მატჩიანის წაუგებელი (5 გამარჯვება და 1 ფრე) სერია შეწყდა. გორელებმა 17 ქულით პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულეს, ხოლო 14-ქულიან „დინამოს“ მეორე წრემდე მეოთხე ადგილს ვერავინ შეეცილება.
დინამო თბ 2:1 დილა
ლაშა თაბაგარი