„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ იუნატედი“ მიიღო და წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა,
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და „ლიონი“ რომ ფრეს გამორჩა თავისი წვლილი შეიტანა. შეხვედრის 25-ე წუთზე ტიაგო ალმადამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს კარის მიმართულებით მოჭრა ბურთი, რომელსაც არავინ შეხებია, ხოლო მანჩესტერელთა მეკარე ონანას უხეში შეცდომის მერე, ანგარიში გაიხსნა – 1:0.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა ჯარიმიდან პირდაპირ კარში გაგზავნა ბურთი, რომელიც პერიმ მოიგერია, მაგრამ უგარტეს ცუდი დარტყმის მერე, „ლიონის“ კარის წინ მდგომმა იორომ თავით გაიტანა – 1:1.
მეორე ტაიმის შუაწელში მიქაუტაძე ფინტებით ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა პასი ალექსანდრე ლაკაზეტს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით ვერ გაიტანა. 88-ე წუთზე მანჩესტერელთა შეტევის დროს ფერნანდეშმა თავზე „დაასვა“ ბურთი ზირკზეს, რომელმაც „იუნაიტედი“ დააწინაურა – 1:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მიქაუტაძეს ბურთი ინგლისელთა საჯარიმოში მიუვიდა და მისი დარტყმული ონანამ ცუდად მოიგერია, ხოლო კარის წინ აღმოჩენილმა შერკიმ ერთი შეხებით გაათანაბრა – 2:2.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აპრილს მანჩესტერში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





