ვენსან კომპანი: „მილანში გამარჯვების გვჯერა“

0
35

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
მატჩის 38-ე წუთზე მილანელთა კონტრშეტევის დროს, მარკუს ტურამმა ქუსლით კარგი პასი მისცა გუნდის კაპიტან ლაუტარო მარტინესს, რომელმაც გარე ტერფით საუცხოო გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე საჯარიმოში მყოფმა ლაიმერმა „ინტერის“ კარის შორეულ ძელთან ჩააწოდა და თიმას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე „ინტერის“ კონტრიერიში ფრატეზიმ დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დღეს ერთზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო – ორი, სამი ან კიდევ მეტის. ვიცით, რომ „ინტერს“ შეტევაში მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. ამ საფრთხის შესახებ ყოველთვის გვახსოვდა, მაგრამ თავად უფრო სახიფათოდ ვუტევდით და საგოლე მომენტებს ვქმნიდით. ვიცი, რომ სტუმრად „ინტერთან“ თამაში რთულია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ მოედანზე წაგებაზე და ტრავმირებულ მოთამაშეებზე ფიქრით უნდა გავიდეთ. მილანში შანსი გვექნება.
ჩვენ წავაგეთ და მხოლოდ იმის შესახებ საუბარი შემიძლია, რასაც ვუყურე და ვგრძნობ. მომენტები მატჩის მიწურულამდე გვქონდა, მაგრამ საბოლოო შედეგი ყოველთვის სამართლიანი არაა. პრინციპში, მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა. როდესაც 1:2 აგებ, შესვენებაზე არავინ გადის სიტყვებით: „მორჩა, დავნებდი და სახლში მივდივართ“. გვჯერა, რომ მილანში გავიმარჯვებთ“ – განაცხადა „ბაიერნის“ ბელგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ>
„ბაიერნი“ საპასუხო შეხვედრას „ინტერთან“ 16 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი