ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
27-ე ტურში პარიზელები სტუმრად ზურიკო დავითაშილის „სენტ-ეტიენს“ შეხვდნენ და 6:1 გაანადგურეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მე-9 წუთზე სტუმრების საჯარიმოში მარცხნიდან შესული დავითაშვილი ერთ მეურვეს გაცდა და ზუსტი პასი სტასენს გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
43-ე წუთზე მასპინძლებმა თავის საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვიეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გონსალუ რამუშმა გამოიყენა – 1:1. 50-ე წუთზე კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და საჯარიმოში შეჭრილმა ფინტით გვერდი ერთ მცველს აუარა, რის შემდეგ მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:2.
53-ე წუთზე დუემ პარიზელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა – 1:3, ხოლო 62-ე წუთზე ჟოაო ნევეშმა პარიზელები უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა – 1:4 . დავითაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ერთ წუთში მოედანი კვარაცხელიამ დატოვა, რომელმაც მანამდე მცირე ტრავმა მიიღო. კვარაცხელიამ ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 4 შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
დავითაშვილმა ჩემპიონატში 25-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, პლუს 5-ჯერ საგოლე პასი შეასრულა. მან თასზე ერთხელ ითამაშა.
67-ე წუთზე დუემ დუბლი შეასრულა – 1:5. მატჩში წერტილი 90-ე წუთზე მბაიემ დასვა. პსჟ-ს მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია და 71 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
