საქართველოს მოქმედმა ჩემპიონთა თბილისის „იბერიამ“ ლევან კორღალიძის თავკაცობით სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, ქულები პირველად დაკარგა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტური ცენტრალუი მატჩით გაიხსნა, რომელშიც „იბერიამ“ გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქუელბი გაიყვეს.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ შედეგი ლოგიკურია. სიმართლე უნდა ითქვა, რომ დაპირისპირებამ მოლოდინი ვერ გაამართლა.
39-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძე თბილისელთა საჯარიმოში პასი შეტევაში ჩართულ ნიკა კალანდარიშვილს გაუკეთა, რომელმაც მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
შესვენების შემდეგ, მოედანზე შესულმა ამირან ძაგანიამ 51-ე წუთზე სტუმრების საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა, ერთ მცველს გაცდა და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა – ლუკა ხარატიშვილი გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა გადაარჩინა. თუმცა, „იბერიას“ შეტევა გაგრძელდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან იური ტაბატაძის დარტყმული ბურთი მცველს ფეხზე შეეხო და კარში ჩაეშვა. მატჩის მიწურულს გიორგი ჯინჯოლავამ შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ბათუმელთა კარის ძელს მოხვდა.
„იბერია“ 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ბათუმელები 5 ქულით მესამე პოზიციაზე არიან.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტური 28 მარტს შედგება.
იბერია 1999 1:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





