ხვიჩა კვარაცხელია მიაჩნია, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად „ლივერპულის“ დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვგრძნობთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენი ოცნებისთვის ვიბრძოლებთ. პარიზში ადაპტაცია საუცხოოდ გავიარე. თავს კომფორტულად ვგრძნობ გუნდთან და ლუის ენრიკესთან ერთად. ჩვენი მიზანია, რომ რამე დიდებულს მივაღწიოთ.
შანსი 50/50-ზეა, რადგან ჩემი აზრით „ლივერპულთან“ დომინირება ადვილი არაა. ჩვენ ეს გასულ კვირაში გავაკეთეთ და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თუმცა, სამშაბათს გასამართ შეხვედრაში შანსი 50/50-ზეა. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში იმართება. ჩვენი მიზანია, რომ ამ ტურნირზე მთელი გზა გავიაროთ.
უბრალოდ, ფეხბურთის თამაში მიყვარს და როცა დრიბლინგს ვაკეთებ, ვცდილობ, ეს ლამაზადაც გავაკეთო. თუმცა, მთავარი გუნდია, რომ მას კარგი შედეგების მიღწევაში დავეხმარო.
არ ვიცი, ერთადერთი ვარ თუ არა პსჟ-ში, ვისაც აქ უთამაშია, მაგრამ ბევრმა იცის, რას ნიშნავს „ენფილდზე“, ასეთ ატმოსფეროში თამაში. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან “ლივერპული” შესანიშნავ ატმოსფეროში ითამაშებს, მაგრამ აქ ჩვენი გულშემატკივრებიც არიან. ყველაზე მთავარია, რომ თამაშზე კონცენტრირებული ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა პარიზში ვთამაშობთ თუ ლივერპულში, მიზანი გამარჯვებაა.
ჩვენი მიზანია დომინირება, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ. “ლივერპულთან” დომინირება ადვილი არაა, აქ კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ თუ ჩვენს თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველაფერი შესაძლებელია.
რაც შეეხება პირველ მატჩს, იმედგაცრუებული ვიყავით, უსამართლობაა, როცა ამხელა უპირატესობის მიუხედავად მარცხდები. მეორე დღეს ვისაუბრეთ და მომავალი თამაშის მოგებას ვეცდებით. „ლივერპული“ თავდაჯერებული იქნება, რადგან სახლში ითამაშებს, თავისი გულშემატკივრის თვალწინ, პირველი მატჩიც მოგებული აქვს. განსხვავებული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით ჩვენი თამაშის სტილი დავამკვიდროთ, მთავარი კი, კარგი შედეგის მიღწევაა
ლუის ენრიკე ბევრი გვესაუბრა. გვითხრა, რომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ჩვენს თამაშზე, ყველაფერი შესაძლებელია. მას მსგავსი მატჩების დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენზე უკეთ იცის რას ნიშნავს ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვნახოთ, ვინ მოიგებს.
როდესაც პსჟ-ში თამაშობ, პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, თავდამსხმელი ვარ და მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ, მაგრამ დაცვასაც ვეხმარები. ჩემთვის მთავარია ვითამაშო და ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, პოზიცია დიდად არ მაინტერესებს.
ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ, ეს აუცილებელია. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები გუნდურად გამოვიყენოთ“ – განაცხადა საქართველოს ეროვნ ული ნაკრების თავდამსხმელმა მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
პსჟ-მ პირველი მატჩი შინ 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა „ენფოლდზე“ დღეს შედგება.
ლაშა თაბაგარი
