„ლიონმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად ბუქარესტის „სტიაუასთან“ ჩაატარა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
შეხვედრის მე-20 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს ენჯუმამ საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავით დაარტყა, მაგრამ „ლიონის“ ბრაზილიელმა მეკარე ლუკას პერიმ ეფექტურ ნახტომში „ცხრიანში“ წასული ბურთი მოიგერია.
ორ წუთში ახლო მანძილიდან ნგეზანამ თავით ბურთი კარისკენ გაგზავნა და ლუკას პერიმ ისევ საოცარი რეაქცია გამოვლინა, რის წყალობით კარი „მშრალად“ შეინახა.
ამის შემდეგ, რუმინეთის ყველაზე ტიტულიანი გუნდის კარს ორჯერ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი დაემუქრა და ორივე შემთხვევაში დარტყმული მცველმა დაბლოკა.
30-ე წუთზე მიქაუტაძემ ფინტით ბუქარესტელთა საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და თავზე „დაასვა“ ბურთი არგენტინის ნაკრებში მუნდიალის მომგებ ტალიაფიკოს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
64-ე წუთზე მიქაუტაძემ ბურთი მასპინძლების საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაგზავნა, მაგრამ რუმინელების მეკარემ თავის გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
68-ე წუთზე ქართველმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა, რასაც „სტიაუას“ კონტრშეტევა მოჰყვა და მარცხენა ფლანგიდან რადუნვიჩმა საჯარიმოში გააკეთა პასი, სადაც „ლიონის“ მცველები პოზიციურად შეცდნენ, ხოლო ბალუტამ ანგარში გაათანაბრა.
იმავე წუთზე მიქაუტაძე გუნდის კაპიტანმა ალექსანდერ ლაკაზეტმა შეცვალა. 86-ე წუთზე ფრანგების შეტევის დროს შერკიმ მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ფოფანა მოძებნა, რომელმაც ახლოდან გაიტანა – 1:2. ამის შემდეგ ლუკას პერიმ კიდევ ერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის კონტრშეტევაც წამოიწყო, რომელიც შერკიმ გააგრძელა, ფოფანამ კი დუბლით დაასრულა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს „ლიონში“ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
